ახალი ამბები
ძველ სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძარი რეაბილიტირდება
სენაკში, ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გამოაცხადა და 220 639 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე სამუშაო უნდა შეასრულოს, მათ შორის, დაზიანებული ნაწილი გადახუროს, დაზიანებული კონსტრუქციები განაახლოს და გააძლიეროს, ფასადები გაწმინდოს, აღადგინოს დაზიანებული ფრაგმენტები, დაამუშაოს გუმბათი, გამოცვალოს ხის სარკმლები.

აღნიშნული მომსახურება კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

„მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით“, - წერია დოკუმენტაციაში.

ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის ცენტრალურ უბანში, სოფლის სასაფლაოზე. 

ტენდერში წინადადებები 9-დან 14 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

Print