ახალი ამბები
აფხაზეთის გავლით ტრანზიტის დაწყება "სავსებით მიღწევადია" - მოსკოვი
მოსკოვი მიიჩნევს, რომ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების გავლით, "სავსებით შესაძლებელია". ამის შესახებ TASS - თან ინტერვიუში დსთ - ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა.

"რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, მათი ობიექტური ინტერესის გათვალისიწნებით, გაიხსნას დამატებითი სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც, საქართველოს სამხედრო გზატკეცილთან ერთად, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ მიღწევადია, თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას", - აღნიშნა გონჩარმა.

უფრო ადრე, "აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ", რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა განაცხადა.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ეს თემა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზეც განიხილეს. ამავე ცნობით, "აფხაზი პოლიტიკოსები მხარს უჭერენ აფხაზეთის გავლით საქონლის ტრანზიტს მესამე ქვეყნებიდან", რის შესახებაც, მათ საქონლის შესაძლო ტრანზიტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა, 2021 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით იმის შესახებ, რომ სოხუმი მზადაა "თანაბარი პირობებით" ჩერთოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი არ განიხილება.


Print