ახალი ამბები
რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს

დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, მებრძოლებს და სამოქალაქო პირებს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამის შესახებ აპარატმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.

 

„კვლავ დაუსჯელნი რჩებიან საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები. ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას. რუსეთი აძლიერებს საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას და ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ, სისტემატურ დარღვევას, რაც მათ შორის გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით. ამასთან, შემაშფოთებელია ოკუპირებული რეგიონებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული ქმედებები, რაც სხვა მიზნებთან ერთად, ხალხთაშორისი მზარდი კავშირებისა და შერიგების პროცესის ხელშეშლას ემსახურება“ - ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ რუსეთი დღემდე განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 15 წელი შესრულდა. ომი ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მან რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამავე თემაზე: აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

 

Print