ახალი ამბები
სოხუმი ყოფილი მთავარი ეპიდემიოლოგის ლუდმილა სკორიკის რუსეთიდან ექსტრადირებას მოითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ, "სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში", რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს აფხაზეთის ყოფილი "მთავარი სანიტარული ექიმის", ლუდმილა სკორიკის ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნა. ამის შესახებ "გენერალური პროკურორის" პირველმა მოადგილემ დაურ ამიჩბა განაცხადა კოლეგიის სხდომაზე.

მან დასძინა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, ხოლო სკორიკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"მთავარი ეპიდემიოლოგის" სამუშაო ადგილზე არყოფნის შესახებ 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. ოკუპირებული აფხაზეთის "ჯანდაცვის სამინისტროში" აცხადებენ, რომ სკორიკმა ხელმძღვანელობას არ შეატყობინა გაუჩინარების მიზეზები, არ დაუკავშირდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.

ლუდმილა სკორიკმა დუმილი 2022 წლის 5 სექტემბერს დაარღვია. საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მედიკოსი ამტკიცებს, რომ მის მიმართ აღძრული ბრალდებები გაყალბებულია, რაც "ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, ედუარდ ბუთბას ინტერესებს უკავშირდება".

"გენერალურმა პროკურატურამ" პროცედურული შემოწმება დაიწყო და 12 სექტემბერს სკორიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას სამ მილიონზე მეტი რუბლის გაფლანგვას ედავებიან.


ამავე თემაზე:

სკორიკი გამოჩნდა - ის აფხაზეთიდან გამგზავრების მიზეზებზე საუბრობს



Print