ახალი ამბები
სოლიდარობის აქციაზე ზუგდიდში შოვის ტრაგედიისას დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა შეაგროვეს

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის აქციაში, რომელიც „ნეოგენის“ ორგანიზებით ზუგდიდის სკეიტ-პარკში გაიმართა, თანხა მოაგროვეს.

შეგროვებულ დახმარებას მოხალისეები სტიქიის ზონაში ჩაიტანენ, ამის შესახებ რადიო “ათინათს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თიკო ლაგვილავამ უთხრა. მისივე თქმით, ასევე, თანხა მოგროვდა წითელი ჯვრის ყუთში, რომელსაც გადარიცხავენ საქველმოქმედო ფონდში. ამავე ცნობით, სოლიდარობის აქციის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: "ტრაგედიები, რომლებიც გვაერთიანებს".

"როგორც ვიცი, ანგარიშის ნომრებზეც საკმაო თანხა შეგროვდა, ამიტომ გუშინდელმა აქციამ მნიშვნელოვანი შედეგები მოგვცა. ზუგდიდიდანაც მიემგზავრებიან მოხალისეები, ჯამში, დაახლოებით, 10 ადამიანი, რომელიც გამოიყენებს დაზარალებულებისთვის აქციაზე შეგროვილ თანხას. ისინი ადგილზე ნახავენ საჭიროებებს და ამის მიხედვით შეიძენენ სასურველ ნივთებს”, -  გვითხრა ლაგვილავამ.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაკარგულების საძებნად გრძელდება სამაშველო სამუშაოები.


Print