ახალი ამბები
ასლან ბჟანია მოსკოვში ყოფნისას შეუძლოდ შეიქნა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, მოსკოვში სამუშაო ვიზიტისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.



"აფსნიპრესის" თანახმად, ამჟამად მას საჭირო გამოკვლევა უტარდება. წინასწარი მონაცემებით, ბჟანიას ღენიშნება "უროლიტიზის გამწვავება, ხოლო მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

ბჟანიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2019 წელს მონაწილეობა ვერ მიიღო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი მომხრეები ეჭვობდნენ, რომ ის მოწამლეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას ჯერ რუსეთში, შემდეგ კი, გერმანიაში მკურნალობდნენ, თუმცა, რა დიაგონოზით, უცნობია.

2020 წლის მარტში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, "ჯანდაცვის" სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა.

თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამავე პერიოდში, "რია ნოვოსტი" ავრცელებდა ინფორმაციას ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა".



 

Print