ახალი ამბები
შავ ზღვაში, მათ შორის, ანაკლია-განმუხურში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
26 და 30 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი.

“კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი.

აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები. სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

Print