ახალი ამბები
გალში თხილის სეზონზე ტაჯიკი და უზბეკი "შრომითი მიგრანტების" რიცხვი იზრდება - ლატიპოვი
გალის რაიონში თხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის აღების სეზონზე, "შრომითი მიიგრანტების" რიცხვი იზრდება, ძირითადად ისინი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის" უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა ადგილობრივ მედიას.


მისივე თქმით, ყველაზე ხშირად "შრომითი მიგრანტები" გალში ხუთკაციან სამუშაო ჯგუფებად ჩადიან, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლებიდან დამსაქმებელი ხელმძღვანელობს.

მან გალის რაიონში "მიგრანტების" შესვლის წესებიც განმარტა და აღნიშნა, რომ "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს", გალის რაიონში მხოლოდ ე.წ. სუსის მიერ გაცემული ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვით შეუძლიათ შესვლა.

ამავე ინფორმაციით, მოქალაქეებზე, რომლებიც გალში მუშაობას გეგმავენ და არა საცხოვრებლად დარჩენას, საშვები ერთ წლამდე ვადით გაიცემა.

"სასაზღვრო რეჟიმის წესების" დარღვევის შემთხვევაში, "შრომითი მიგრანტები" ჯარიმდებიან, 4800 - დან 6000 რუბლის ოდენობით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, მათ 15 დღით აკავებენ.

ამავე მონაცემებით, მონაცემებით, 2023 წლის ივლისში "საზღვრისპირა ზონაში ყოფნის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ოთხ ადამიანს დაეკისრა, ხოლო 2022 წლის იმავე პერიოდში 13 მოქალაქეს".





Print