ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედროებთან ერთობლივი საფრენი წვრთნები ჩატარდება
გულრიფშის, ოჩამჩარის, ტყვარჩელის და გალის რეგიონებში რუსეთის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთობლივი საზაფხულო ტაქტიკური საფრენი წვრთნები ჩატარდება, ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სწავლება 2023 წლის 21 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, "საველე მომზადების დონის ამაღლების და საბრძოლო ამოცანების შესრულებისას, ჯარების მოქმედებების კოორდინაციის მიზნით" და მას "აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უხელმძღვანელებს".

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში განთავსებული რუსეთის მე - 7 სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.

იქ დისლოცირებულ სამხედრო ძალებს სისტემატურად უტარდებათ წვრთნები და აახლებენ წვევამდელებით.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print