ახალი ამბები
ინალ არძინბამ ენგურის ე.წ. საგუშაგო დაათვალიერა
ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო უწყების" ხელმძღვანელი აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას დავალებით, რეგიონებში "სამუშაო შეხვედრებს" მართავს" ადგილობრივი ე.წ. ადმინისტრაციების ხელმძღვანელობასთან.

21 აგვისტოს ინალ არძინბა გალის რაიონში იმყოფებოდა, სადაც გალის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდა, ამის შემდეგ კი ენგურის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი დაათვალიერა, რათა ადგილზე გაცნობოდა "ეროვნულ უსაფრთხოებასთან" დაკავშირებულ ვითარებას, ინფორმაციას "გალმედია" ავრცელებს.

" აქ საზღვარზე შედარებით მშვიდი და სტაბილური სიტუაციაა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება საქართველოში, რომ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯები იზრდება, ეს ხარჯები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ჩვენთვის საგანგაშო სიგნალია. საგანგაშო სიგნალია ასევე, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჯერ არ არის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება", - განაცხადა არძინბამ.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოჩამჩირეში ჩავიდა, სადაც მან სოხუმსა და მოსკოვს შორის 2008 და 2014 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების და მინსკთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



ამავე თემაზე:  

აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს არცერთ რუკაზე არ არის მონიშნული, გარდა რუსულისა - ინალ არძინბა

თუ ბელორუსი აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად - არძინბა
Print