ახალი ამბები
გაგრაში სისხლის აღების მიზნით ჩადენილი მკვლელობის საქმეს "უზენაესი სასამართლო" განიხილავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უზენაეს სასამართლოში" 2023 წლის 22 აგვისტოს არსებითი განხილვისთვის გაიგზავნა  სათბეი კოკოსკირიას საქმე. მას ბრალი ედება, სისხლის აღების მიზნით, რაჯაბ ანქვაბის განზრახ მკვლელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარებაში. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 5 აპრილს,  სათბეი კოკოსკერიამ, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გაგრის რაიონის სოფელ გაგრიფშში ჩავიდა, 9 მმ კალიბრის "მაკაროვის" პისტოლეტით სამჯერ ესროლა რ. ანქვაბს, ამ უკანასკნელის მიერ 2021 წლის 1 იანვარს, გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფშში გია კოკოსკერიას მკვლელობისთვის სისხლის აღების მიზნით. რ. ანქვაბი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "დანაშაული 8 დან 15 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას, უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს".


Print