ახალი ამბები
სოფელ ლიხნიში დაზიანებული ცაცხვის ხე 95% - ით გაჯანსაღებულია - აფხაზი ეკოლოგი

სოფელ ლიხნიში დაზიანებული ცაცხვის ხის დაღუპვის საფრთხე არ არსებობს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ეკოლოგიის სახელმწიფო კომიტეტის" თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ განაცხადა.


"ყველანაირი ღონისძიება გატარდა, შედეგი მივიღეთ, მაგრამ სანამ ვეგეტაცია არ დასრულდება - ფოთოლცვენამდე ჯერ ადრეა საუბარი, არის ნიშნები, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, რომ ხე 95%-ით გაჯანსაღდა. მაგრამ მაინც არის კიდევ 5% და შეიძლება გაჩნდეს ფორს - მაჟორული გარემოებები", - განაცხადა მან.

ჭითანავას განმარტებით, ხეს ამ ეტაპზე მხოლოდ ყოველდღიური მორწყვა სჭირდება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს. 

კავკასიური ცაცხვი , რომელსაც "აფხაზების სულერ სიმბოლოს უწოდებენ" 5 აპრილს ხერხით დააზიანეს. ხის გარშემო ნაჭდევის სიღრმე 20 სენტიმეტრს შეადგენდა.  

ადგილობრივი მედიის თანახმად, დაზიანებულ ცაცხვს ჩინური პრეპარატებითაც უმკურნალეს, პირველი 30 საწვეთური ხის გადასარჩენად 19 აპრილს აფხაზმა ეკოლოგებმა და აფხაზეთში მომუშავე ჩინეთის მოქალაქეებმა მიიტანეს.

სოხუმში ფაქტი ვანდალიზმად შეაფასეს. აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ მომხდარი ტერორისტულ აქტს შეადარა.

საქმე "ხის უკანონო ჭრის" მუხლით იყო აღძრული. ეჭვმიტანილი ძმები ირაკლი და დაურ ბაღათელიები 11 აპრილს დააკავეს. ირაკლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაური კი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.


ამავე თემაზე:


ლიხნის ცაცხვს ჩინური პრეპარატებით გადასხმების კურსს უტარებენ 

ლიხნის ცაცხვის დაზიანებაში ეჭვმიტანილები დააკავეს - სოციალური ქსელები

ლიხნიში "აფხაზების სულიერ სიბოლოდ" მიჩნეული ცაცხვი დააზიანეს

 

Print