ახალი ამბები
აფხაზეთში არ არსებობენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მსურველი პოლიტიკური ძალები - სერგეი შამბა მედვედევის განცხადებაზე
"აფხაზეთი რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო და მოკავშირე ურთიერთობების მომხრეა, მაგრამ რესპუბლიკაში არ არსებობენ რუსეთის შემადგენლობაშო შესვლის მსურველი პოლიტიკური ძალები", ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის "უშიშროების საბჭოს" მდივანი სერგეი შამბა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ "რუსეთს შეუძლია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერთება, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს სიტუაციის დაძაბვას საქართველოში".

შამბას თქმით, სოხუმს ცხნინვალისგან განსხვავებული გზა აქვს. 

"რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ჩვენი, მისგან განსხვავებული გზა გვაქვს. ჩვენ არ გვქონია ასეთი მომართვები და მე ვერ ვხედავ აფხაზეთში რაიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც იხილავს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის მსგავს ფორმას", - უთხრა შამბამ EADaily - ს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ.

საგარეო უწყების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე დმიტრი მედვედევის მუქარა წარმოადგენს "რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას". განცხადებაში, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინიპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევი "სრულიად შესაძლებელს" უწოდებს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების იდეას. ამის შესახე, მან ერთ - ერთი რუსული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.


ამავე თემაზე: 

მედვედევის მუქარა წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას - საქართველოს საგარეო უწყება

მედვედევი რეალურს უწოდებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეას


Print