ახალი ამბები
სოხუმიდან დონბასის სეპარატისტულ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანენ - "საგანგებო"
აფხაზი მაშველები დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში 10 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთის მორიგ პარტიას ჩაიტანენ, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგნგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
2022 წლის 26 თებერვალს ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" 2022 წლის მარტში აღიარა.

2023 წლის თებერვალში კი სოხუმში განაცხადეს, რომ დონბასის სეპარატისტული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების "მოქალაქეებს" ფსოუზე ე.წ. საზღვრის კვეთა ოკუპირებულ აფხაზეთში შესავლელად "უვიზოდ" შეეძლებათ, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print