ახალი ამბები
მაგანას ხეობაში საშიშროების რისკი მინიმალურია, მესტიაჭალას ხეობაში საფრთხე არ არსებობს - სპეციალისტები
გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზი ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.


გარდა ამისა, 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობაც. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა.
Print