ახალი ამბები
ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია სხვა საერთაშორისო, გამოცდილი კომპანია - მინისტრი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტით სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში პირველი ეტაპის შეფასება დასრულდეს, შემდეგ კი ტექნიკური პირობები დაზუსტდება პრეტენდენტებთან.

„ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. ანაკლია ცალსახად არის კომერციული პორტი, რომელმაც მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია.

რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე {ინტერესი}, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან. ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან.

შერჩევის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში გვექნება პირველი ეტაპის შეფასების დასრულება. ალბათ, შემოდგომით მეორე ეტაპზე გადავალთ, როდესაც მოხდება ტექნიკური პირობების დაზუსტება პრეტენდენტებთან. ის კომპანიები, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, პრეტენდენტები იქნებიან, ვისთანაც დავიწყებთ უშუალო კონკრეტული ტექნიკური პირობების შეთანხმებას“,- განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი
Print