რეგიონი
ბოლო თვეებში სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 1 მაისიდან  31 აგვისტოს ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში ბრაკონიორობის 309 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


,,ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით - 188, ე.წ. ჩოგან-ბადით - 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 760 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 8 მეტრი სიგრძის მოსასმელი ბადე, 3 ერთეული ეკრან-ბადე, 2 ერთეული ჩოგან-ბადე და 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის თევზმახე. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, შაორისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე, ასევე მდინარეებზე - ალაზანი, მტკვარი, ნატანები, ჭოროხი, აჭარისწყალი და ნატანები'',  - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 499 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 161 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print