ახალი ამბები
ცაცხვში საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს
ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს. ექსპედიციის ხელმძღვანელი კი ისტორიკოსი რევაზ პაპუაშვილია.

ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ამჟამად, არქეოლოგიური გათხრების წარმოება განპირობებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწის სამუშაოების შესრულების დროს, სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტების შემთხვევითი აღმოჩენებით.

,,სპეციალისტების მიერ ამ მიდამოებში გამოვლენილია გვიან ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,ცაიშის სამაროვნის“ სახელით არის ცნობილი. მიმდინარე წელს, საინტერესო არტეფაქტებთან ერთად გამოვლინდა მასშტაბური არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები, რომლებიც ასევე სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებს განეკუთვნებიან - ადრექრისტიანული ხანიდან დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით. სამუშაო პროცესს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად გაეცნო,''- ვკითხულობთ ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ექსპედიციებს, მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს.

2005- 2007 წლებში, აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად შესწავლილ იქნა გვიანბრინჯაო - ადრერკინის პერიოდის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII – VII საუკუნეების კოლხური კულტურის ხანის ორი კოლექტიური სამარხი აკლდამა, სადაც გამოვლინდა უნიკალური და მრავალფეროვანი არტეფაქტი.

საველე არქეოლოგიურ კვლევა - ძიების პრაქტიკულ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები.
Print