ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, - ხიშბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ტურიზმის მინისტრმა" თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება, წერს "ტასი".

"დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენს სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება", - განაცხადა ხიშბამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა "რუსეთის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის საქმეში", წერს რუსული გამოცემა.

ამავე შეხვედრაზე, ხიშბამ აღნიშნა, რომ სოხუმს "საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია " აქვს მინსკთან.

"ბელარუსის რესპუბლიკასთა გვაქვს უბაჟო ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ასევე იმედი გვაქვს თანამშრომლობის ყაზახეთთან და სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა მან.

უფრო ადრე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაბუშერას აეროპორტს, სავარაუდოდ, რუსი ინვესტორები ააშენებენ. მათივე ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციით უკვე ორი რუსული კომპანია დაინტერესდა.


ამავე თემაზე: სოხუმის აეროპორტს სავარაუდოდ რუსი ინვესტორები ააშენებენ




Print