ახალი ამბები
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად პროექტის პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, მათგან ერთი — შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია.
ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა. ის განმარტავს, რომ კომპანიები მსოფლიოში აღიარებული კომპანიათა ჯგუფებია.

მინისტრის ინფორმაციით, განაცხადი სულ ოთხმა კომპანიამ შემოიტანა. 

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ამავე თემაზე:

წელს ანაკლიის პორტის პროექტზე 20 მილიონი დაიხარჯება - მინისტრი


Print