ახალი ამბები
ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა
ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის სასამართლოს ჩატარებამდე გადადების მოთხოვნით ადგილობრივების ნაწილმა მარტვილის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

ისინი მერიასთან საპროტესტო ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობა თხოვეს, თუმცა, მერის მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ამ შემთხვევაში მათ თხოვნას კანონის შესაბამისად ვერ გაითვალისწინებენ.

პროტესტანტებმა ავტომობილებით მსვლელობით მარტვილის ქუჩებსა და მიმდებარე სოფლებში გადაინაცვლეს და უფრო მასშტაბური აქციები დააანონსეს.

ბალდაში ადგილობრივების ნაწილი სასამართლოს გზით მოითხოვს იმ გადაწყვეტილების შეჩერებას, რომლის თანახმადაც ახლა ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ბალდელები განმარტავენ, რომ მსგავსი პროექტის განხოციელება მხოლოდ ადგილობრივებთან განხილვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით სწორედ ამ კომპანიას გადაეცა.







Print