ახალი ამბები
ზუგდიდში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე 2023 - თან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.

განცხადებაში მითითებულია ლოკაციები, სადაც მოსახლეობას დღეს, 28 სექტემბერს, 11:00-16:00 საათებში შეუძლია შინაური ცხოველების, ძაღლებისა და კატების, მიყვანა ასაცრელად.

ზუგდიდში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი - კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);

გარდა ამისა, სამეგრელო - ზემო სვანეთის მასშტაბით ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება ფოთში, აბაშაში, სენაკში, ხობსა და მესტიაში.

"ღონისძიების მთავარი გზავნილია - ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის!

ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო მას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.



Print