ახალი ამბები
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა, "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად", წერს "აფსნიპრესი".

ამავე ცნობით, რუს მეზღვაურებს, სოხუმის ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და პარლამენტის დეპუტატები დახვდნენ.  

გამოცემის ინფორმაციით, "ციკლონი" სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება. მანამდე, კი ადგილობრივ მცხოვრებლებს და სტუმრებს გემის დათავლიერება და გემბანზე გასეირნება შეეძლებათ.

უფრო ადრე, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი ჩავიდა, დელეგაციასთან ერთად, "გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად".


სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

"ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო.

ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print