ახალი ამბები
პუტინმა ბჟანიას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის" დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და "აფხაზეთის ყველა მოქალაქეს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა", წერს "აფსნიპრესი"

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების შემდგომი განმტკიცება ყველა მიმართულებით აკმაყოფილებს ჩვენს საერთო ინტერესებს. მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს ყველა შესაძლო დახმარება აფხაზეთის მთავრობისა და ხალხისთვის მწვავე სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

გამოცემის ცნობით, 30 სექტემბერს სოხუმში "ქართულ - აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი და ღონისძიებები" გაიმართება.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


ამავე თემაზე: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა

ბჟანიამ პუტინი სოხუმში მიიწვია "დამოუკიდებლობის" 15 წლისთავის აღსანიშნავად



Print