ახალი ამბები
ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების ახალი პუნქტი შეიქმნება - ბჟანია
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.
რუსული გამოცემა "ვედომოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასლან ბჟანიამ განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმში, 30 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდზე, რომელიც ქალაქის ნავსადგურში "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად" შევიდა.

" ბორტზე ავედით - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში იქნება ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი", - აღნიშნა მან.

თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას აფხაზმა ლიდერმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"ურთიერთქმედებას ადგილი აქვს მხოლოდ ერთი მიმართულებით - ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ექსპლუატაციას ამ სადგურს, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს", - თქვა ბჟანიამ.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ლიდერები "პრაგმატულები" არიან.

"როგორც მეჩვენება, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს - ეს ხალხი-პრაგმატისტები არიან და ამ მხრივ, ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემები არ გვქონია. მაგრამ დროგამოშვებით ხდება, თუმცა, არა იმდენად ქართული, არამედ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ვაფიქსირებთ ამ საქმეს. მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.

ბჟანიამ დასძინა, რომ "საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია".

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას , 4 ოქტომბერს, სოჭში შეხვდა.

მანამდე 3 ოქტომბერს, სოჭში, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებთან შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამართა.

ამავე თემაზე: 

საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან - ბჟანია

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა








Print