ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ გალის შეხვედრების აღდგენა სურთ - ეს არის ჟენევის პროცესის ნაწილი, უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი
„აქტიურად ვმუშაობთ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრების აღდგენაზე“, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ


ირაკლი ტუჟბამ ისაუბრა, პროპაგანდისტული სააგენტო „სპუტნიკის“ ორგანიზებით გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე - 15 წლისთავს მიეძღვნა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, ჟენევის პროცესის ნაწილი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი“, - განაცხადა ტუჟბამ.

მისივე თქმით, 2021 წელს „აფხაზური მხარე პროცესის განახლების ინიციატივით ცალმხრივად გამოვიდა“ და ერთადერთი პირობა იყო, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხი.

„თითქმის ორი წელი გავიდა და ქართული მხარისთვის ამ პროცესის განახლების სურვილი ჩვენ არ შეგვიმჩნევია“, - განაცხადა ტუჟბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ეს ფორმატი „აფხაზეთისთვის საქართველოსთან დიალოგის და საერთაშორისო პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთადერთი შესაძლებლობაა“.

„რა თქმა უნდა, ძნელია რაიმე გარღვევის მოლოდინი გვქონდეს, როგორც მეჩვენება, მხარეთა პოზიციებში დიდი სხვაობის გათვალისწინებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, სჯობს ვილაპარაკოთ, ვიდრე არ ვილაპარაკოთ. დიალოგი სჯობს დიალოგის არქონას. მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ნდობის აღდგენის ძალისხმევაა, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი საინფორმაციო და პოლიტიკური პლატფორმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. მე ძალიან ვაფასებ ჟენევის დისკუსიებს და მჯერა, რომ სანამ სხვა ფორმატი არ არსებობს, ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ეს ძალიან სასარგებლო ფორმატია“, - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5 - 6 დეკემბერს არის დაგეგმილი.





Print