ახალი ამბები
“საშობაო მეჯლისის“ გადაღებების გამო ბოტანიკური ბაღის ერთი შესასვლელი იკეტება
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მიმდინარე სამუშაოების გამო მომდევნო ოთხი დღით ბოტანიკური ბაღის ერთი შესასვლელი დაიკეტება. საუბარია პროექტის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში” გადასაღებ სამუშაოებზე.

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტორები 11, 12, 13 და 14 ოქტომბერს მუზეუმის მხრიდან ბაღში შესასვლელი კარით სარგებლობას ვერ შეძლებენ. აღნიშნულ დღეებში, შესვლა შესაძლებელი იქნება სოხუმის ქუჩის მხრიდან.

4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დახურულია უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე და მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

სასახლეთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით დაკეტილია დედოფლისეული სასახლეც.

შეზღუდვები სასახლის ეზოში საქორწილო ფოტოსესიისა და ხელმოწერის ცერომინიის გამართვის მსურველებსაც შეეხება.

აღნიშნული პროექტი მესამე წელია, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სატელევიზიო პროდუქტი კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

უცნობია, რამდენი დაუჯდა სამინისტროს ღონისძიების ორგანიზება და გადაღება. საჯარო ინფორმაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რადიო "ათინათმა" ვერ მიიღო ცნობები შესაბამისი ხარჯების შესახებ.


ფოტო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

Print