ახალი ამბები
"საშობაო მეჯლისის" გადაღებების გამო ბოტანიკური ბაღი დღეს საღამოს დაიკეტება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს, 11 ოქტომბერს 21:00 საათიდან ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ საღამოს ბაღის დაკეტვა პროექტისთვის „საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში“ დაგეგმილ გადაღებებს უკავშირდება.

ბოტანიკური ბაღი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას ხვალ, 12 ოქტომბრის დილის 7 საათიდან განაახლებს.

გუშინ სოციალური ქსელის ამავე ანგარიშზე დაიწერა, რომ 11, 12, 13 და 14 ოქტომბერს მუზეუმის მხრიდან ბაღში შესასვლელი კარით სარგებლობას ვერ შეძლებენ. აღნიშნულ დღეებში, შესვლა შესაძლებელი იქნება სოხუმის ქუჩის მხრიდან.

გარდა ამისა, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით დახურულია უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე და მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

სასახლეთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის ჩათვლით დაკეტილია დედოფლისეული სასახლეც.

შეზღუდვები სასახლის ეზოში საქორწილო ფოტოსესიისა და ხელმოწერის ცერომინიის გამართვის მსურველებსაც შეეხება.

აღნიშნული პროექტი მესამე წელია, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. სატელევიზიო პროდუქტი კი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

უცნობია, რამდენი დაუჯდა სამინისტროს ღონისძიების ორგანიზება და გადაღება. საჯარო ინფორმაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რადიო "ათინათმა" ვერ მიიღო ცნობები შესაბამისი ხარჯების შესახებ.


ფოტო: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი



.

Print