ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, „მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და საქართველოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის“ თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა, სადაც სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

„უკვე დიდი ხანია, ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა, ეს ორდენი გადმოგვეცა. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და, მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დამეჯილდოვებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო - ანუ, თამარ მეფის ორდენით. ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნონა გაფრინდაშვილს.

პრეზიდენტის თქმით, ნონა გაფრინდაშვილი ყველა ასაკისა და მით უფრო ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს "უდიდეს მაგალითს იმისას, რომ ცხოვრებაში სულ მუდამ უნდა ეძებდე უფრო და უფრო დიდ წარმატებას".

„თუ ჩვენში კიდევ არსებობს ეროვნული თანხმობის რაღაც ნიშნები, რაზეც ჩვენ შეიძლება მომავლისათვის იმედი დავამყაროთ, ეს თქვენ ხართ. მე მგონი, რომ თქვენს ირგვლივ ვერ იქნება ვერანაირი პოლარიზაცია. თქვენში ჩვენ ყველა ვხედავთ იმ წარმატებულ და ძლიერ საქართველოს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ გარეთ და შიგნით”.

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, პირველი ქალი დიდოსტატი ვაჟთა შორის, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ჭადრაკის ლეგენდა ივნიში  82 წლის გახდა.

ნონა გაფრინდაშვილს არაერთი ჯილდო და ორდენი აქვს მიღებული. ჭადრაკის ლეგენდა 2001 წელს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერიც გახდა. ასევე ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდა ზუგდიდის საპატიო მოქალაქეა.

Print