ახალი ამბები
მასწავლებლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - რატომ არ აირჩია ჯგალის სკოლის სამეურვეო საბჭომ სამინისტროს კანდიდატი დირექტორად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ნაწილში დირექტორების არჩევნები ჩატარდა, თუმცა ჯგალის სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს ირმა ლომაიას მხარი არ დაუჭირა. ხუთი წევრიდან ახალი დირექტორობის მსურველი მისაღები მხოლოდ ერთისთვის აღმოჩნდა.

რადიო „ათინათს“ წყარო ჯგალის სკოლიდან უყვება, რომ ლომაია შეხვდა სკოლის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, წარუდგინა საკუთარი პროგრამა, თუმცა სკოლის განვითარების კანდიდატისეული ხედვა მათთვის მისაღები არ აღმოჩდა.

„ასე გადაწყვიტა სამეურვეო საბჭომ, რომელიც პედაგოგების ხმაა. 1 იყო მომხრე და 4 წინააღმდეგი. სამი სკოლა ჰქონდა არჩეული ამ ქალბატონს, პირველ პრიორიტეტად ის სკოლა, რომელიც თვითონ უნდოდა და სადაც მუშაობს ახლა (საჩინოს ნაგურუს თემის ნომერ მეორე სკოლაში მასწავლებლად), მეორე პრიორიტეტი იყო ჩვენი სკოლა და მესამე სკოლაც ეწერა. სამინისტრომ ჩვენს სკოლაში წარადგინა. ყველაფერი ჩატარდა კანონის ფარგლებში, სამეურვეო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე კანდიდატმა თავისი პროგრამა წარმოგვიდგინა და როგორც აღმოჩნდა, ეს პროგრამა ჩვენი სკოლის განვითარებისთვის იყო მიუღებელი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მთლიანად პედაგოგიურმა კოლექტივმა. როგორც აღმოჩნდა სხდომაზე, ჩვენი სკოლის მომავლისთვის და განვითარებისთვის ეს ახალი კანდიდატი მიუღებელია“, - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც, ამ ეტაპზე მკითხველისთვის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

მან ასევე თქვა, რომ მასწავლებლები სამომავლო გეგმებზეც იმსჯელებენ.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზებზე ვერ საუბრობს წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაია. ის განმარტავს, რომ ჯგალის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭო წევრების მცირე რაოდენობისგან შედგება.

„წალენჯიხის მეორე საჯარო და ობუჯის პირველ საჯარო სკოლაში აირჩიეს ახალი დირექტორები. ზოგან ნაკლული სამეურვეო საბჭო იყო, ზოგან სრული იყო. მაგალითად, ჯგალის საჯარო სკოლაში 5 სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი იყო. გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდ, თუ ხმები ასე გაიყოფოდა - ოთხი ერთზე ან სამი ორზე. მივიღეთ ოთხი წინააღმდეგი და ერთი მომხრე და შესაბამისად, არაა არჩეული ახალი დირექტორი“, - ამბობს ღურწკაია.
მისივე თქმით, ახლა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, ჯგალის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატისა და სკოლის თანამშრომლობის საკითხი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების ნაწილში დირექტორებს ირჩევენ. სამეგრელოს რეგიონში კანდიდატებად თითო პირია რადგენილი. პროცესს პროტესტი მოჰყვა ჩხოროწყუს რამდენიმე სკოლაში.

ფოტო: Community-based Biodiversity Conservation in Samegrelo Region

ამავე თემაზე:

TI სკოლებში დირექტორების არჩევის პროცესს მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს

ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ

პროტესტი ცვლილებისამდი ჯანსაღი პროცესია, მაგრამ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა არასწორია - ჩხოროწყუს რესურსცენტრის ხელმძღვანელი

ზუგდიდის 29 სკოლაში დირექტორებს აირჩევენ - ყველგან თითო კანდიდატია წარდგენილი

პირველ სკოლაში დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ლიდერია

Print