ახალი ამბები
ბიბლიოთეკის მიმდებარედ პარკირების სივრცე გაუქმდა
ზუგდიდში, მერაბ კოსტავას ქუჩა ნომერ 58-დან ბიბლიოთეკის მიმდებარედ არსებული საპარკინგო სივრცეები, დაახლოებით, ათი დღეა, აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, აკრძალვის შემდეგ საპატრულო პოლიცია ამ ადგილზე დგომა-გაჩერებისთვის ავტომობილების მძღოლებს აჯარიმებს. გადაწყვეტილება სივრცის გაუქმების შესახებ ზუგდიდის მერიამ მიიღო.

რადიო "ათინათს" ადგილობრივ ხელისუფლებაში უთხრეს, რომ აღნიშნული პარკირების ადგილების გაუქმება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

"ამ ადგილას არის შუქნიშანიც, იქმნებოდა საცობი, ასევე, სავალი ზოლიც იყო გადატვირთული. ამიტომაც საჭირო გახდა პარკირების სივრცის გაუქმება და დაიდგა დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშანი", - აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.


აღნიშნულ ადგილზე პარკირების ზოლის აღმნიშვნელი ხაზებიც გადაშლილია. ადგილობრივების ნაწილი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ დაწესებულებების სიმრავლიდან გამომდინარე, მანქანების დასაყენებლად აღნიშნული ადგილი მოსახერხებელი იყო.

Print