ახალი ამბები
ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თბილისში, პარლამენტთან გაიმართება. შეკრება, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 24 ოქტომბერს, სამშაბათს, საღამოს შვიდ საათზე დაიწყება. აქციის ორგანიზატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, ბებუას გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.


"დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელი,ა საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ. ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას", - ვკითხულობთ ტექსტში.

გუშინ, 19 ოქტომბერს, "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

"აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 


ამნისტია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ორ თვეში ამოქმედდება, არ შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წინასწარ იცოდნენ, რომ ამნისტია ბებუას არ შეეხებოდა, რადგან „დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ“.


Print