ახალი ამბები
თავისუფლება ირაკლი ბებუას - ზუგდიდში აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდის სკეიტ პარკში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. შეკრებილებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები სხვადასხვა საპროტესტო და სოლიდარობის გამომხატველი წარწერებით.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა დროულად გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე.

"დღევანდელ აქციაზე გვქონდა ორი მთავარი სათქმელი. ერთი ირაკლი ბებუას მიმართ, რომელსაც ვეუბნებით, რომ ის მარტო არ არის, გვახსოვს და ვფიქრობთ მასზე. გვინდა დაბრუნდეს თავისუფალი ჩვენი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე. მეორე სათქმელი არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაფერს აკეთებს თავისი მოქალაქის დასახსნელად და ვეუბნებით მას, რომ მისი კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებაა, იზრუნოს მის ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის. ასევე, ვახსენებთ ხელისუფლებას, რომ მან უნდა მოიმოქმედოს ყველაფერი საკუთარი მოქალაქის დასაბრუნებლად კონტროლირებად ტერიტორიაზე", -  თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ.

მსგავსი მხარდამჭერი აქცია ზუგდიდის მსგავსად თბილისშიც გაიმართება.

ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბებუას ოკუპირებულ აფხაზეთში "ამნისტია" არ შეეხება და როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, რადგან "დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ. ამასთან, ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. 



ამავე თემაზე:

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

Print