ახალი ამბები
ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება - გია ხუბუა
წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის პროპორცია დაცული იქნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ უთხრა. მან განმარტა, თუ რის ხარჯზე გახდა ეს შესაძლებელი.

"ბოლო წლებში გავზარდეთ ელექტროენერგიის გამომუშავება და მეტი ენერგია მივაწოდეთ ქართულ მხარეს და ამით შევეცადეთ, რომ დავიცვათ 60/40 - ზე პარიტეტი. ამან გამოიწვია დონის შემცირება წყალსაცავში, მაგრამ სხვა გამოსავალი ამისთვის არ არსებობს. ამიტომაც, დონე დამუშავდა წყალსაცავში იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს 60%", - თქვა ხუბუამ.

მისივე თქმით, ზამთარში საქართველოს მომარაგების პრობლემა არ ექნება, რადგან ქართული ენერგეტიკა ბოლო ათწლეულში საგრძნობლად განვითარდა.

"გარდა მეცხრე ბლოკისა, კიდევ რამდენიმე თბობლოკი ამუშავდა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ენგურჰესზე შემცირებული ენერგიის წარმოება დააკომპენსიროს ამ თბობლოკებმა და ელექტროენერგიის მომარაგება იქნება საიმედო, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მრეწველობისთვის"

ჩვენს კითხვაზე, თუ რა ვითარებაა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ზამთრის პერიოდში არსებულ ენერგოდეფიციტთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსი გვპასუხობს, რომ წელს, აფხაზურმა მხარემ ოდნავ შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება, თუმცა პრობლემები არ არის აღმოფხვრილი.

უკვე წლებია, აფხაზეთი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% აფხაზური მხარის.




Print