ახალი ამბები
აფხაზური დელეგაცია მინსკში ჩავიდა ორმხრივი კონსულტაციების ჩასატარებლად - სოხუმი
აფხაზური დელეგაცია, ბელარუსში ჩავიდა, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად", წერს "აფსნიპრესი".

ამავე ცნობით, მინსკის შეხვედრაში, რომელსაც ბელარუსის მინისტრთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბურაკი მასპინძლობს, მონაწილეობენ ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ედუარდ ბუტბა, კულტურის მინისტრი დინარა სმირი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია, სოხუმის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ეშბა, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე თარაშ ხაგბა".

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აფხაზური დელეგაციის მონაწილეები, "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას დავალებით,  გამართავენ სამუშაო შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან "დარგობრივი ორმხრივი პროექტების შემუშავების მიზნით".

ბოლო დროს, სოხუმში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავენ.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, განაცხადა, რომ "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".

უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი.

მანამდე, კი აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ სოხუმი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით და საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად "დააკმაყოფილებს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს".

2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს. აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.



Print