ახალი ამბები
სუს - მა დაადასტურა რომ 8 ერაყელი ლტოლვილი ცდილობდა ენგურის ხიდით ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე გამოეხმურა სოხუმში გაკეთებულ განცხადებას, ენგურის ხიდის გავლით, რვა არაბი ლტოლვილის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის მცდელობის თაობაზე.

მან ჟურნალისტეს განუცხადა, რომ ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. მისივე თქმით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან.

ენგურის ხიდზე რვა არაბი ლტოლვილის დაკავების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, მისი თქმით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, შესვლას ცდილობდნენ. შამბას თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ მათ უკან დაბრუნებაზე.


Print