ახალი ამბები
აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო - "ჩერნომორენერგო"
5 ნოემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციიდან მიეწოდება. აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" თანახმად, "ნაკადი უზრუნველყოფს რესპუბლიკის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილების ენერგომომარაგებას". 

"თუმცა, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის შემცირებისა და წყლის არასაკმარისი მოცულობის გამო, შესაძლებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია "იმპორტის" შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზეც არის ასახული.  

უფრო ადრე, "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ სოხუმი მოსკოვთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზე.

მან განმარტა, რომ ზამთარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოსისტემა მხოლოდ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიით ვერ იმუშავებს.

გასულ კვირაში, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ წელს ენგურჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება.






Print