ახალი ამბები
ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას - პრეზიდენტი
"... ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს სად გადის მისი საზღვრები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პანელზე "მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე", ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. მისი თქმით, რუსეთმა ახლახან მოკლა საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთი მძევლად აიყვანა.

"ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია და ქართველებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ", - დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ფაქტია და დასავლეთიც უკვე მიხვდა, რომ რუსეთი არ იცვლება და რჩება იმპერიულ ძალად.

პრეზიდენტის განმარტებით, თუ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა, როგორც თანამშრომლობის ზღვა, ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ.

"ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა..."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნომბერს დაიწყო და დღეს 11 ნოემბერს გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

Print