ახალი ამბები
ბოლო 8 წლის განმავლობაში აფხაზეთის მიმართულებით 337 ადამიანი დააკავეს - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"
განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა, ნათქვამია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს ეხმიანება.

"საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით მხოლოდ 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი. ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე. ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება გიგა ოთხოზორიას (2016 წელი) და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები (2018 წელი)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში თვლიან, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რისკების თავიდან ასაცილებლად, არასაკმარისი და სუსტია.

ამავე ცნობით, ამ დრომდე გამყოფი ხაზის სოფლებში არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოავლინონ საფრთხეები და მიიღონ პრევენციული ზომები.

"უკანონო დაკავებების და გატაცებების პრაქტიკა ამ პროცესში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის პრაქტიკა ოკუპაციის და განგრძობადი კონფლიქტის თანამდევი მძიმე შედეგია, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივი შიშის და საფრთხის ქვეშ ამყოფებს. განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელობას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი რუსეთის ფედერაციას აკისრებს, რომელიც ამ რეგიონში ოკუპაციას ახორციელებს და სწორედ მისი სამხედრო ძალების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება აღნიშნული ტერიტორია", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, გამყოფ ხაზზე, რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური უკანონო დაკავების მცდელობისას მოკლეს. მასთან ერთად მყოფი თანასოფლელი ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს, თუმცა მალევე ქართულ მხარეს გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ადამიანის გატაცების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 - ე და 143 - ე მუხლებით "განზრახ მკვლელობა" და "თავისუფლების უკანონო აღკვეთა" მუხლით დაიწყო.

საქართველოს მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები დღემდე გამოუძიებელი რჩება და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი არიან, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა.


Print