ახალი ამბები
სოხუმი რუსული ელექტროენერგიისთვის 650 ათას დოლარს გამოყოფს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა თანახმად, რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 60 მილიონი რუბლი (650 ათასი დოლარი) გამოიყოფა.

მანამდე, ამ თანხების დახარჯვა ელექტროენერგიის მრიცხველი მოწყობილობების შესაძენად იგეგმებოდა.

"ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად" თანხების მიზნობრივი გამოყენების კორექტირების აუცილებლობის შესახებ "დეპუტატებს", დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა მიმართა.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ "ეხო კავკაზას" განუცხადა, რომ წინასწარი შეთანხმება 30 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტზე მიღწეულია.

"ერთი კილოვატ/საათის საშუალო ღირებულება დაახლოებით 3,90-4 რუბლს შეადგენს. ჩვენ ვყიდულობთ თითქმის ოთხ რუბლად, ვყიდით ერთ რუბლად. ამ ტრანსფერში აფხაზეთმა 135 მილიონი რუბლი გადაიხადა", - განაცხადა მან.

ჯინჯოლიამ დასძინა, რომ აფხაზური დელეგაცია, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მოსკოვში აწარმოებს მოლაპარაკებებს: "თუ ისინი პროდუქტიული იქნება, წლის ბოლომდე კიდევ, დაახლოებით, 250-370 მილიონი კილოვატ საათი დაგვჭირდება".

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება 5 ნოემბერს დაიწყო. "ჩერნომორენერგოს" თანახმად, "ნაკადი უზრუნველყოფს რესპუბლიკის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილების ენერგომომარაგებას".

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება.
Print