ახალი ამბები
სამეგრელო- ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის პირველიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ბრაკონიერობის 82  ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 5 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

"ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური მოწყობილობა და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 67 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.ასევე დალუქულია 7 ერთეული გასაბერი ნავი. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ოქტომბერში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 050 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 7 ერთეული თევზმახე ამოიღეს'', - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Print