რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში იარაღის უკანონო ფლობისთვის 4 პირი დააკავეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 20 პირი, მათ შორის 4 სამეგრელო ზემო სვანეთში, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ.1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 4 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

''ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print