ახალი ამბები
ზუგდიდში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის შინაარსი და მიზნები გააცნეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა ახალი კანონი "წყლის რესურსების მართვის შესახებ", რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს წყლის რესურსების სფეროში. პროექტის ფარგლებში დღეს ზუგდიდის ტექნოპარკში აღნიშნული კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების პირველი ფორუმი ჩატარდა.

ფორუმის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, "გარემო და განვითარების" პროგრამის მენეჯერი კახა ბახტაძე და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი შეხვდნენ და მათ კანონის შინაარსი და მიზნები გააცნეს.
"ჩვენი მიზანი არის, რომ მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ამ ახალი კანონის შესახებ, რომელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოაქვს ქვეყანაში.დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდულია. სუფთა წყალი, კარგი ხარისხის წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, შესაბამისად მნიშვნელოვანია, კონკრეტული ქმედებების განხორციელება.ზუსტად ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, რომ გავუზიაროთ ინფორმაცია მოსახლეობის, ადგილობრივი მთავრობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მივიღოთ მათგან კითხვები რაც დაკავშირებულია ამ ახალ კანონთან, ასევე ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ კანონის ამუშავების ფარგებში ადგილობრივი მთავრობები მომზადებულები იქნებიან იმიტომ, რომ ახალი რეგულაციები, მოთხოვნები შემოდის, რამაც უნდა უზრუნველყოს წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება", - თქვა "გარემო და განვითარების" პროგრამების მენეჯერმა კახა ბახტაძემ.

კანონის ცვლილებაში USAID-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ რეფორმის შესახე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.

"USAID-ის ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ჩართული იყო წყლის რესურსების მართვის რეფორმის განხორციელების პროცესში, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს, რათა უფრო მეტად მოხდეს ამ რეფორმის პოპულარიზაცია და აგრეთვე, მოხდეს მისი იმპლემენტაციის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ეფექტურ მართვას და შენარჩუნებას", - აღნიშნა ბერუაშვილმა.

თვითმმართველი ორგანოების მიერ კანონის შესახებ სიახლეების ცოდნისა და ამ ცვლილების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი ჩვენი ქვეყნისთვის წყლის რესურსების მართვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ ვალდებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის. დღეს სწორედ ზუგდიდიდან ვიწყებთ, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია კანონის სიახლეების შესახებ, მათი როლის შესახებ ამ კანონის სამომავლო შესრულების პროცესში და რა თქმა უნდა, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე რაც რეგიონებში არსებობს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ზუგდიდში ფორუმს 75 ადამიანი დაესწრო.

Print