ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმში იმყოფებოდნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები ჯიჰან სულთანოღლუ და ვიორელ მოშანუ სოხუმში

ჩავიდნენ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი ტუჟბას შეხვდნენ, წერს „აფსნიპრესი“.

ამავე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის განხილვა იყო, მათ შორის ისეთი საკითხების, როგორიცაა უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლება, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.




 

Print