ახალი ამბები
აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება - გიორგი კეკელიძე
საქართველოში აფხაზი თავადების საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე არქივი ბრუნდება და მალე ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში დაიდებს ბინას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს ინფორმაციას.

მისივე თქმით, არქივი საბუთებს, ხელნაწერებს, მიმოწერას, ფოტოებს, წიგნებს, ნივთებს, ორდენებს, რუკებს მოიცავს. 

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კეკელიძე ჰელენ ჩხოტუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და თან წარწერას ურთავს. 

"ეს ჰელენ ჩხოტუაა, უჭკვიანესი და ულამაზესი ქალი. ჩვენი მასპინძელი და უკვე მეგობარი. ჩხოტუების - დიდი აფხაზების, მალტის ორდენის კავალერების და მსოფლიო პოლიტიკის მონაწილეების მემკვიდრე. მან საქართველოს უდიდესი, ისტორიული არქივი გადასცა",- აღნიშნავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

მისი განმარტებით, სამი დღეა, რაც არქივების გადარჩევის ურთულესი პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მასთან ერთად ლევან თაქთაქიშვილი, ბექა ღაჟონია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან მანანა ქვაჩახია, ნატო მარშანია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ნინო ჩუტკერაშვილი უძღვებიან.

ამავე ინფორმაციით, პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მასალა ათობით ყუთს მოიცავს.



ფოტო: გიორგი კეკელიძე
Print