სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სენაკის ცენტრალურ ბაზარში, შპს "ლაგოს" მიერ წარმოებულ დაფქულ წითელ წიწაკაში აკრძალილი საღებავი sudan I გამოვლინდა. ასევე, ამავე ბაზარში მოვაჭრისგან აღებული მისივე წარმოების აჯიკის ნიმუშში აღმოჩნდა სუდანის ჯგუფის საღებავები, რომლებიც განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.
შპს "ლაგოს" მიერ წარმოებული დაფქული წითელი წიწაკა ასევე იყიდებოდა ფოთის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროდუქტშიც, სეს-ის განმარტებით, აკრძალული საღებავი გამოავლინეს.
"კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
სეს -ი მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან", - ვკითხულობთ სეს-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები