ახალი ამბები
"როსნეფტი" ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უბაჟო ექსპორტს იწყებს
რუსეთის მთავრობა ფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების საკითხს განიხილავს, ამის შესახებ გამოცემა РБК წერს.
საექსპორტო გადასახადი რუსეთმა 1 ოქტომბრიდან აამოქმედა. ის სასუქის გარდა, საქონლის ფართო ჩამონათვალზე ვრცელდება და რუბლის კურსის მიხედვით 4-7% -ს შეადგენს, ხოლო თუ დოლარზე გაცვლითი კურსი 80 რუბლს ჩამოსცდა, გადასახადი ნულდება. მოსკოვში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ღონისძიება დროებითია (მოქმედებს 2024 წლის ბოლომდე) და მიზნად ისახავს შიდა ბაზრის დაცვას ფასების გაუმართლებელი ზრდისგან.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის საექსპორტო გადასახადების გაუქმება სავარაუდოდ შეეხება საქონლის ფართო სპექტრს, მათ შორის, ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბიტუმიან (ფისოვან) ნივთიერებებსა და მინერალურ ცვილებს.

ასევე, მთავრობა "როსნეფტსა" და მის შვილობილ კომპანიებს ექსკლუზიურ უფლებას მიანიჭებს, რუსეთიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში ნავთობპროდუქტები ექვსი თვის განმავლობაში საექსპორტო გადასახადის გარეშე გაიტანონ.

მოსკოვში აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარ ამოცანად სოხუმისა და ცხინვალის საცალო ბაზარზე საავტომობილო საწვავის ფასების არასტაბილურობის შემცირებას და მოსაზღვრე რუსული რეგიონების შიდა ბაზრის ფასებთან მათ დაახლოებას ასახელებენ.




Print