ახალი ამბები
აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება, - შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი და ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრი" მიიჩნევს, რომ "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს".

მისი თქმით,  "აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება". ამის შესახებ სერგეი შამბამ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთან (დევნილობაში), ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინ საუბარში განცხადა. მისი თქმით, შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს.

"მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ პრობლემა არსებობს, პირველ რიგში, მასზე უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია", - განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი.

"ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის", - განაცხადა შამბამ.

მის ამ პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას "პრეზიდენტობის" დასაწყისშიც ისმოდა.

"მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და..
. ", - დასძინა ყოლბაიამ.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

სხვა საკითხებთან ერთად, გალის შეხვედრების განახლების თემა, 23 ნოემბერს, სოხუმში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.

Print