ახალი ამბები
ანაკლიელმა ქალმა ზუგდიდის მერიის წინააღმდეგ დავა მოიგო
ზუგდიდელმა  დომენიკა ლუკავამ ზუგდიდის მერიისა და საჯარო რეესტრის წინააღმდეგ მიწის რეგისტრაციაზე დავა წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.
საქმე ეხება სოფელ ანაკლიაში 3 915 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასა და საკუთრების უფლებას.

რადიო "ათინათი"
დაუკავშირდა ლუკავას უფლებადამცველს ვიქტორ კვიტატიანს, რომელმაც განმარტა, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სასამართლოში სარჩელი შევიდა 2019 წლის 25 ივნისს და სასამართლომ გააბათილა მერიის განკარგულება.

"მერიის აღიარების კომისიამ უარი უთხრა ლუკავებს ანაკლიაში მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლოში, კანონმდებლობა შეიცვალა და აღიარების კომისიას ჩამოერთვა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა და უკვე აღარ აქვს.

მერიის ბრძანება აღიარებაზე უარის შესახებ, გაბათილდა, როგორც უკანონო აქტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა აღნიშნული საკითხის ხელახლა განხილვა და დარეგისტრირების ან არდარეგისტრირების შესახებ ახალი აქტის გამოცემა. დადასტურდა ის ფაქტი, რომ აღიარებაზე უარი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, არასაკმარისი იყო ასევე ის მტკიცებულებები, რაც გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ", - თქვა კვიტატიანმა. 

გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიმდინარე წლის აპრილში გამოიტანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ დომენიკა ლუკავას საქმეზე შესაბამისი დოკუმენტი სასამართლოსგან არ მიუღიათ.  

Print