ახალი ამბები
ერთი წლის შემდეგაც ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლების ცხედრების გამოსვენება დაბომბვის ადგილიდან
3 დეკემბერს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში, ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან ოთხი აფხაზეთიდან დევნილი იყო, მათგან სამი კი სამეგრელოში ცხოვრობდა.

რადიო "ათინათს" ერთ-ერთი მებრძოლის ავთო რურუას ცოლმა ელმირა ინალიშვილმა უთხრა, რომ ამ ეტაპზე მათ არანაირი ახალი ინფორმაცია არ აქვთ და ოჯახი თავად ცდილობს სიახლის გაგებას.

"არც მებრძოლებისგან, არც ოფიციალური პირებისგან არ ვიცით ახალი არაფერი. ავთოს ძმა წავიდა თავად უკრაინაში, რომ ადგილზე გაარკვიოს, რა ხდება. ერთი წელი გავიდა და სამშობლოში ჩამოსვენება კი არა, ცხედრების დაღუპვის ადგილიდან გამოყვანაც ვერ ხერხდება ", - ამბობს ინალიშვილი.

41 წლის ავთო რურუასთან ერთად, 3 დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპნენ ოჩამჩირელი ბადრი მარკელია, 55 წლის სოხუმელი რომეო ფიჩხაია, 49 წლის როლანდ კვარაცხელია და მერაბ ალადაშვილი. 

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებში 50- ზე მეტი ქართველი დაიღუპა, მათ შორის არის 54 წლის ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მარიუპოლში 2022 წლის მარტში დაიღუპა. მისი ცხედრის დაღუპვის ადგილიდან გამოსვენება ისევ ვერ ხერხდება. 





Print